პროექტის
სახელწოდება: ,,რაც წარსულმა გიანდერძა,შენ მომავალს შეუნახე"...
პროექტის
მოკლე აღწერა 1-2 წიადადებით:
მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამონათქვამების მოძიება,შეგროვება.
პროექტის
სრული აღწერა: მოსწავლეები
მოიძიებენ სოფელში არსებულ დასავიწყებლად განწირულ სიტყვა-თქმებს, გამოიკვლევენ
მათ წარმომავლობას,დააკვირდებიან რა ასახვა პოვა ამ სიტყვებმა ქართულ
ლიტერატურაში,გეიგრაფიულ სახელებში,გვარებსა თუ მეტსახელებში,გამოიკვლევენ,რომელი
ფოლკლორული ან ლიტერატურული პერსონაჟი ასოცირდება ამ იშვიათ
სიტყვა-თქმებთან.მოსწავლეები დაწერენ ესეებს,შეადგენენ მივიწყებული ქართული
სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონს.
ასაკი-შეუზღუდავი
პროექტის
ხანგრძლივობა-6 თვე
სამუშაო ენა-ქართული
პროექტის
აქტივობები კლასში: დისკუსიები მოძიებულ
მასალაზე,ლიტერატურულ ნაწარმოებებში მსგავსი მაგალითების მოძიება,ვიქტორინისთვის
კითხვარების შედგენა,ესეს დაწერა.
მოსალოდნელი
შედეგები: მივიწყებული
სიტყვებისა და გამონათქვამების გაცოცხლება ,მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს,გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს.
სარგებელი
სხვებისთვის: მოსწავლეები
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,უკეთ გაიცნობენ მშობლიურ სოფელს.,ჩაწვდებიან
მშობლიური ენის სიღრმესა და გამომსახველობით ბუნებას.
საგნებთან,საგნობრივ
ჯგუფთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ლიტერატურა--გაიღრმავებენ ცოდნას ლიტ.ნაწარმოებებით
ისტორია-გაავლებენ
პარალელს ისტორიულ ფაქტებთან
გეოგრაფია-დააკვირდებიან
,რა შესაბამისობაა სიტყვასა და გეოგრაფიულ მდებარეობას შორის.
პროექტის
ხელმძღვანელი: ირმა კრაველიძე
აღნიშნულ პროექტზე
ორმა ჯგუფმა იმუშავა,ერთმა ხატოვანი სიტყვა-თქმების შეგროვებაზე,ხოლო
მეორემ--სოფლის ტოპონიმებზე (გთავაზობთ მათ ნაშრომებს,რომლებიც საკონფერენციო
თემებად დაამუშავეს და მოსწავლეთა სასწავლო -შემოქმედებით კონფერენციაზე
წარადგინეს,რისთვისაც შესაბამისი დიპლომები მიიღეს)
,,რაც წარსულმა გიანდერძა,შენ მომავალს შეუნახე..."
(ჩემი სოფლის ტოპონიმები)
,,რაც წარსულმა გიანდერძა,შენ მომავალს შეუნახე..."
(ჩემი სოფლის ტოპონიმები)
,,ზეპირსიტყვიერება
- წერდა აკაკი წერეთელი - არის სარკე ჩვენის წარსულისა,როგორც ხორციელის,ისე
სულიერის. ამის დაკარგვა და დავიწყება ჩვენი
სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა უნდა მალე მივეშველოთ და შევაგროვოთ, რითაც
ბევრ მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელსაგოგმანებელს“
ხალხური
სიბრძნე მართლაც მარგალიტივითაა გაბნეული ხალხში, ამაში
დავრწმუნდი მაშინ, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
დავალებით პროექტზე ,,რაც წარსულმა გიანდერძა, შენ მომავალს შეუნახე...“ მუშაობა
დავიწყეთ და მე დამევალა შემეგროვებია ჩემი ლამაზი სოფლის ტოპონიმები, ჩამეწერა
მათ წარმომავლობასთან დაკავშირებული რამდენიმე ცნობილი ლეგენდა თუ გამონათქვამი. ინფორმაციის
მოძიებისას აშკარად მივხვდი, რომ ტოპონიმიკა ენის ისტორიის
კვლევისთვის უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, სწორედ ის გვეხმარება, თურმე
,ისტორიული წარსულის აღდგენაში, იგი ერთგვარად მიწიდან ამოზრდილი
სახელებია, რომელიც ხალხთა ისტორიას, მათ
ყოფა-ცხოვრებას ინახავს და გვასწავლის. სწორედ ამას გულისხმობს გურამ ბედოშვილი
როცა წერს: ,,ტოპონიმებში მისი შემქმნელი და მომხმარებელი ხალხის ძველი და
საინტერესო თავგადასავალია მოთხრობილიო“.
ჩემი
მშობლიური სოფელი ჭალაა, რომელიც იმერეთის რეგიონს, კერძოდ, საჩხერის
მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და საკმაოდ დიდ სოფლად ითვლება, რომლის შემადგენლობაში
შედის სოფლები: საკოხია, ღონა, დრბო, დარყა, სპეთი, ჯრია, პერევი და სხვა. ჭალა
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით წყლისპირ,ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს, სწორედ
ასეთია ჩემი ჭალაც. მას უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიურ
თუ კულტურულ ცხოვრებაში. აქ ჩამოყალიბდა არა მარტო ხეობისთვის დამახასიათებელი
ზნე-ჩვეულებანი, არამედ ის ტოპონიმები,რომელთა შესახებ ლეგენდები და გადმოცემები
მოგვითხრობენ. აი,ზოგიერთი მათგანი:
ყვირილა--იმერეთის მაღლობის ყველაზე დიდი
მდინარეა,რომელიც ერწოს ტბიდან იღებს სათავეს.მდინარე ყველაზე წყალუხვი
აპრილშია,როცა კოკისპირული წვიმები თოვლის დნობას აჩქარებს.ამ დროს მდინარე
ხმაურით მოედინება,გადმოდის ნაპირიდან და ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს მოსახლეობას,ნათესებს,ამიტომ
მას ,,ყვირილა“ უწოდეს.მას იმდენად ხმაურიანი დინება აქვს,რომ უნებურად პოეტის
სიტყვები მოგაგონდება: ,,არ იყვიროს? აბა რა ქნას,გზა კლდეებით გარაგვია“
სამზიარი--სამი
ძმის საზიარო ადგილი
საჯვარე-- სოფლიდან
მოშორებით,მაღლობზე ,ადრე ჯვარო ყოფილა,სადაც ეკლესიიდან წამოსული მღვდელი
ისვენებდა და ლოცულობდა.ამ ადგილს ახლაც საჯვარეს ეძახიან.აქ ასულს ბუნების
მშვენიერებით გული გაგინათდება და მართლაც შეუძლებელია არ შეისვენო.
საბეგის წყალი--მდებარეობს
სხეპრისძირში, (მთის სახელია) სადაც ჭალელ
მწყემსებს პირუტყვი საბალახოდ აჰყავთ
ხოლმე.მწყემსებს თავს ესხმოდნენ თურმე თათრები და პირუტყვს იტაცებდნენ.მწყემსებიც
თავს იცავდნენ და ერთ-ერთი თავდასხმის დროს მათ თათრის ბეგი მოუკლავთ,ამ ადგილზე
ყოფილა წყალი და ამის შემდეგ ამ წყლისთვის საბეგის წყალი დაურქმევიათ.
დათვიმარანი--
ეს დიდი ხნის წინ მომხდარა... ერთ საღამოს ოჯახის დიასახლისს მარნიდან რაღაც
უცნაური ხმა გაუგონია,მეუღლისთვის უთქვამს: ,,ე,კაცო,დათვია მარანშიო“ ამის შემდეგ
ამ ადგილს ,,დათვიმარანი“ დარქმევია,ასე მოიხსენიებენ დღესაც.
იფხორა-- ძველად თურმე ჩვენს სოფელში ერთი
ლეკი შემოსულა.ხალხს ერთი გნიასი შეუქმნია- ,,ლეკი შემოსულა,ლეკიო“.ლეკს შეშინებია
და აფხორილა ,ახლა ამაზე აყაყანებულა ხალხი ,,აიფხორა,აიფხორაო“ და ამის შემდეგ ამ
სოფელს იფხორას უწოდებენ.
წაბლნარი--ბევრი
წაბლის ხის გამო ამ ადგილს წაბლნარი დარქმევია.აქ სხვა მცენარეს მართლაც იშვიათად
თუ ნახავს კაცი.
ლაბაური--ადრე ჭალაში ცხოვრობდნენ გვარად
ლაბაძეები,ეს გვარი გადაშენებულა,მათგან მხოლოდ ერთი გლეხი დარჩენილა,რომელიც
დაბლა ,ვაკეზე ჩამოსახლებულა,მაგრამ მათ ნასახლარს დღესაც ლაბაური ჰქვია.
კოდისწყალი- სოფელ დრბოში ჭალის მოსახლეობას
ყანები აქვს, (ჭალიდან მოშორებითაა,მაღლობი ადგილია) ახლო-მახლო კი წყალი არსად არ
ყოფილა,რაც აბრკოლებდა მშრომელ ხალხს,ამიტომ ერთ ადგილზე პატარა ჭის მსგავსი ორმო
გაუთხრიათ და შიგ ხის კოდი ჩაუდგამთ,რომელიც წყლით გავსილა.იმ დღიდნ ხალხი ამ
წყალს ხმარობს და სახელიც შესაბამისი შემოუნახავს.
ამირასხევი--ამ
ადგილის სახელი ორნაირად შემოუნახავს ხალხურ სიბრძნეს.ერთი,თითქოს ,აქ ვინმე
ამირანს უცხოვრია და მის გამო დარქმევია, მეორე კი ისაა,რომ როცა არაბები
შემოსევია საქართველოს ეს ადგილი ამირას,არაბთა მთავარს დაუსაკუთრებია და ამიტომაც
დაურქმევიათ ,,ამირასხევი“
ღონა-- ჭალის თემის სოფელია,ეს სახელი კი ამ
ადგილს დარქმევია იმის გამო,რომ ადრე დიდი ხეებით ყოფილა გარშემორტყმული
,საცხოვრებლად, რახან არ იყო პირობები, არ მოწონებიათ და დაღონებულან, მას შემდეგ
ამ ადგილს შემორჩა სახელი ,,ღონა“,სადაც ამჟამად საკმაოდ მჭიდრო მოსახლეობაა.
ცულიყუა--მდებარეობს
პერანგა მთის ახლოს.აღნიშნულ ადგილზე არის დიდი ტყე,ღრმა ღელეები,საიდანაც
მოსახლეობა შეშას ეზიდებოდა.ერთხელ მამაკაცები შეშის მოსატანად წასულან ამ
მთაზე,ერთ გლეხს ცული გატეხია და მხოლოდ ტარიზე დაგებული ყუა შერჩენია
ხელში.ამხანაგს კი მასხრად აუგდია,,ე,ბიჭო,ყუა გიჭირავს ხელში,მაგით აპირებ შეშის
შეგროვებასო?“ და ასე შერქმევია ამ ადგილს ,,ცულიყუა“
ლაშიღელე -- მდებარეობს სოფელ ჭალის
ტერიტორიაზე .ადრე ერთ მაღლობზე პატარა მლაშე ტბა ყოფილა.ამ ტბიდან მოედინებოდა
ღელე,რომელსაც სიმლაშის გამო ლაშიღელე უწოდეს და ეს სახელი აქვს დღესაც.
სპეთი-- ჭალის თემის სიფელია,რომლის სახელის
შესახებ მეტად საინტერესო ცნობაა შემორჩენილი,ამბობენ,რომ თვით თამარ მეფეს და მის
,,სპას“ (ჯარს) ძლიერ ყვარებია აქ სიარული,ამიტომ მათი ხშირი სტუმრომის გამო
უწოდებიათ სოფლისთვის ,,სპაეთი“.დროთა განმავლობაში კი სიტყვას სახეცვლილება
განუცდია და სახელად სპეთი დარჩენილა.
სოფლის უხუცესები სიამაყით იმასაც
ამბობენ,რომ თამარ მეფე სოფლის ისტორიული ძეგლის,ზედამაცხოვრის (მე-11 საუკუნის
ძეგლი) ეზოშია დაკრძალულიო.
სოფელი სპეთი
სოფელი სპეთი
სპეთის
ზედა მაცხოვარო-- მე-11 საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიაა.საყურადღებოა ამ
ტაძრის აგების ისტორია.იგი აშენებულია
მოპირდაპირე მხრიდან ,,ქვისათხრიდან“ (ეს სახელი აქ უამრავი ქვისა და ლოდების
არსებობის გამო დარქმევია) გამოტანილი ქვით,რომელიც 5 კმ-ითაა დაშორებული
აღნიშნულ ელკესიას.გადმოცემის თანახმად
მშენებლობისას მუშები ერთმანეთის გვარდი-გვერდ ,მწკრივად დამდგარან და 5 კმ-ის
მანძილზე ლოდები ხელიდან-ხელში
გადაუწოდებით და ასე აუგიათ ეს ეკლესია.
ერთ მუშას ქვა ხელიდან დაცურებია ,რომელიც დაგორებულა და შუა სოფელში,უზარმაზარი
კაკლის ხის ქვეშ გაჩერებულა.ხალხს ამ ადგილისთვის ,,ხატიკაკალი“ უწოდებია და
წმინდა ადგილად შეურაცხავს.ასეთივე სიწმინდით გადმოუცია შთამომავლობისთვის და
დღესაც არ განიცდის მლოცველთა მიერ ანთებული სანთლის სიმცირეს ეს
მშვენიერი,დალოცვილი და მადლიანი ადგილი.
მე-11 საუკუნის ისტორიული ძეგლი ზედა მაცხოვარი
ასე გამოიყურება დღეს ,,ხატიკაკალი
მე-11 საუკუნის ისტორიული ძეგლი ზედა მაცხოვარი
ასე გამოიყურება დღეს ,,ხატიკაკალი
ნასახტრი--ეს ადგილი სოფელ სპეთში,
კრაველიძეების უბანში,ამაღლებულ გორაზე მდებარეობს,არავის ახსოვს თუ როდის იყო აქ
სალოცავი საყდარი,თუმცა ის კარგად იციან,რომ აქედან არაფრის აღება და გატანა არ შეიძლება,ყველა
დიდი მოკრძალებით მიდის სალოცავად,სადაც მხოლოდ ერთი ლოდიღაა შემორჩენილი იმ
უძველესი საყდრისა,რომლის სასწაულების შესახებ უხუცესებსაც მხოლოდ შორეული
წინაპრებიდან გაუგიათ და ამ
წმინდა ადგილს დღესაც დედახვთისას ნასაყდრალად მოიხსენიებენ.ეს წმინდა ადგილი
სოფლის და განსაკუთრებით კრაველიძეების მფარველ ადგილადაა აღიარებული ,ამიტომ აღნიშნული
გვარი ყოველი წლის სექტემბერს იკრიბება და გვარის მფარველობას თხოვს ნასახტრის
ძლიერებას.
ასეთია დღეს ნასახტრი, დედაღვთისა
ასეთია დღეს ნასახტრი, დედაღვთისა
აი,ესაა ის მცირე
ჩამონათვალი რისი შეგროვებაც შევძელი, და ვფიქრობ,ჩემი სოფლის ტოპონიმების,მათ
წარმომავლობასთან დაკავშირებული ლეგენდასა
თუ ტოპონიმების მნიშვნელობის ახსნით ჩემ მოკრძალებულ წვლილს შევიტან
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გამდიდრების საქმეში.
ირმა ნადირაძე --- X კლასის მოსწავლე
მასწავლებელი-ირმა კრაველიძე
მასწავლებელი-ირმა კრაველიძე
ჩემს სოფელში გაფანტული მარგალიტები....
,,ვისაც არ უყვარს
თავისი სამშობლო,მას უეჭველია,არ უყვარს თავის მშობელნიცა,თავის წინაპარნიცა,თავის
მამულიცა,ენა არის შემნახველი მამა-პაპის ყოფა-ცხოვრებისა,მათი სარწმუნოებისა,
ჩვეულებისა.ესეიგი,თვით ისტორიაა.თუ კაცმა არ იცის მამა-პაპის ენა,მაშ როგორ უნდა
იცოდეს,ვინ იყვნენ მისი მამა-პაპები,როგორ ჰსცხოვრობდნენ,რას ლაპარაკობდნენ,რას
იმღეროდნენ,როგორ ებრძოდა ეს პატარა საქართველო სპარსთა,არაბთა,ოსმალთა?! (გრიგოლ
ორბელიანი)
დიახ, დედაენის ჯადოსნური ძარღვი ჩვენ გვაერთებს შორეულ წინაპრებთან,ამიტომ
შეუძლებელია,ადამიანს განსაკუთრებულად არ უყვარდეს თავისი ხალხის ისტორიის ნათელი
სარკე,თავისი აზრის,გონების,თვისების სულიერი სიმდიდრის გამომხატველი,ერის რაობის
დამცველი მშობლიური ენა.ვინ იცის,წინაპართა ბაგით ნათქვამი რამდენი სიტყვა
გადმოსცემია თაობებს,რომელიც სამუდამოდ რჩება შთამომავლობას,რისი წყალობითაც
შეიძლება შევიცნოთ ჩვენი წინაპრების ბედი თუ უბედობა,სიხარული თუ
მწუხარება,სიყვარული თუ სიძულვილი.ენის ბუნებასა და ისტორიას ყველაზე
მკაფიოდ ფიგურალური სიტყვა-თქმანი გამოხატავენ.
ქართული ენა თავისი ლექსიკითა და თქმის ხატოვანი თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი
ენათაგანია.ხატოვანი სიტყვა-თქმანი ამდიდრებენ და ამრავალფეროვნებენ ენის საერთო
ლექსიკას ,ჩემი აზრით,ხატოვანი სიტყვა-თქმანი ასახავს ენის სურათს,მის შინაგან
თვისებას,მის სიცოცხლისუნარიანობას.
ქართული ენა შეუდარებელი ენაა ამ მხრივ,ქართულში ერთი მხრივ გვაქვს ისეთი
სიტყვები,რომელთაც გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ,მეორე მხრივ გვაქვს
გადატანითი მნიშვნელობის სიტყვათშეთანხმებანი,რადგან სიტყვა ჩვეულებრივ ფრაზაში
იხმარება,ზოგჯერ მნიშვნელობა ამ ფრაზისა გაქვავებული სახით ყალიბდება,ამ
გაქვავებულ ფრაზებში ცალკეულ სიტყვებს დაკარგული აქვთ თავისი მნიშვნელობა და ერთ
სემანტიკურ ერთეულს ქმნიან.ასეთი ლექსიკური ერთეულები,რომლებიც თანამედროვე
სიტყვათშეხამებაში აღარ გვხვდება,შემონახულია გაქვავებულ კონტექსტში,როგორც
გადმონაშთი ენის ძველი ლექსიკური შემადგენლობისა.
ეს ხატოვანი სიტყვა-თქმანი იდიომები, ჩვენი წარსული საზოგადოების ცხოვრების
ამსახველია.ხალხის თავგადასავალი,ურთიერთობა,ზნე-ჩვეულებანი,ყოფის რეალურობა არსად
ისე მკვეთრად არ ჩანს,როგორც ფიგურალურ თქმებში,მათი შეგროვება არაა ისე
იოლი,როგორც ზღაპრისა,ან ლექსისა,რადგან ზღაპარს,ლექსს,ბალადას თუ სხვას მთქმელი
ყვება თავიდან ბოლომდე,ეს ხატოვანი ფრაზები კი გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში,
საჭიროების დროს, შესაფერისი აზრის დასადასტურებლად ან უარსაყოფად იხმარება.
მე შევეცადე,შემეკრიბა ჩემი სოფლის მცხოვრებთა ფიგურალური სიტყვა-თქმები,რომელთაც
განზოგადებული მნიშვნელობა მიუღიათ და იდიომურ სიტყვებად დამკბიდრებულან.რამდენად
საინტერესო და საყურადღებოა ჩემი ნამუშევარი ,განსჯა თქვენთვის მომინდვია.
ა
1)აგიხდია თავსაფარი-ურცხვი ხარ.
2).ააგდო ქვა და შეუშვირა თავი--გაჯიუტდა
ბ
1) ბრიყვის საკითხავი და ჭკვიანის მოსახმარისი--უაზროდ
შემკითხავს ეტყვიან
გ
1)გავარდა ყურში--არ
მოისმინა
2)გულზე ცეცხლი მიკიდია--გამწარებული
ვარ
3)გული
მოიფხანა--ჯავრი ამოიყარა
4)გადამვარდა
გულზე--დამავიწყდა
5)გულისჯავრი
ამოიყარა--სამაგიერო გადაუხადა
6)გული
გადმოუტრიალა--შეეშინდა
7)გულს ვარდი
გადაეყარა--ესიამოვნა
8)გულზე ეფონა--დარდი
შეუმსუბუქდა
დ
1)დაეტიე შენს
ტყავში--სხვის საქმეში ნუ ერევი
2)დედის ხსენი არ
შერჩა მუცელში--ძლიერი ღებინება ჰქონდა
ე
1)ენა ტყლაპივით
აქვს--სხვის საქმეში ნუ ეჩრები
2)ეგ არის და გორის
ციხე--დამთავრდა საქმე
თ
1)თავბდღვირს
იჩენს--ძლიერ ჩქარობს
2)თავზე ცეცხლი
მიკიდია--მოუცლელი ვარ
3)თავისი ალია
მოიჭამა--მაგის დრო წავიდა
4)თვალები
გადმოუცვივდა--გაუკვირდა
5)თავზევით ღონე აღარ
არის --მეტს ვეღარაფერს შევძლებ
ლ
1)ლომის ხახაში
ჩავარდა--არ დაზოგავენ
მ
1)მარჯვენა
მომჭრა-ხელი შემიშალა მიზნის განხორციელებაში
2)მაჭანკლები არ
გამიბრუნო უკან-ვერაფერს დამაკლებ
3)მოღმერთი და ვერ
მოვარჯულე--ვერ დავითანხმე
4)მწყერი შეიწვი თუ
გეწყინა--შენს წყენას არაფრად ვაგდებ
5)მზე
თოხისტარზეა--თოხისტარის სიგრძეზეა ამოსული ცაზე
ო
1)ოქროს გული
აქვს--კეთილია
2)ორცეცხლს შუა
არის---გამოუვალ მდგომარეობაშია
პ
1)პარახოდი არ
ჩამიძირო ზღვაში--ვერაფერს დამაკლებ
2)პირზე
ბოქლომი დაადო--გაჩუმდა
3)პირში
ჩალა გამოავლო--მოატყუა
რ
1)რა მინდა
და შენი გამონაცვალი ხალათი--შენ რა გაქვს,მე რას მომცემ
ს
1)სული
გაკმინდა--გაჩუმდა
2)სირცხვილით
დაიწვა--ძლიერ შერცხვა
3)სად
იწვიმა?--შეეკითხებიან ნასვამ ადამიანს
4)სისხლი
გაუშრო--შეაწუხა
ტ
1)ტყემალზე
ზიხარ და ბალს ჭამ--აზრზე არ ხარ
უ
1)უფრთხო
ანგელოზები--შეაშინა
ფ
1)ფარანი
სად ჩაგიქრა?--ეტყვიან დაგვიანებულს
2)ფეხი
გადაუბრუნდა--დამარცხდა
ქ
1)ქვა და
კოხივით შეხვდა--უტეხია
2)ქუდი
ჭერში ისროლა--ძალიან მოილხინა
ყ
1)ყველა
ოჯახში დუღს ერთი ქვაბი მდუღარე--ყველა ოჯახს აქვს რაღაც გაჭირვება
2)ყურებიდან
ბამბა გამოიღო--გამოფხიზლდა
ხ
1)ხარის
კუდზე დანა გატეხა--კარგად დაწყებული საქმე გააფუჭა
შ
1)შეჯდა
ჯირკზე--გაჯიუტდა
2)შენი
ხმალი ჩემი კისერი--თუ გიმტყუნო კისერი ხმლით მომჭერი
ჩ
1)ჩემს
თავზე კევრი მოატრიალე--შენგან ისე ვარ დავალებული,რომ ყველაზე ძნელ საქმესაც კი
არ დავერიდები
ც
1)ცეცხლში
ჩადგა--გაჭირვებაში ჩავარდა
2)ცხენი და
კაცი გაუგზავნა--ოღონდ სტუმრებოდა და მის მოსაწვევად ყველაფერი იღონა
3)ცას
უკიდია ხელი--ბედნიერია
ძ
1)ძაღლის
ბედი აქვს--იღბლიანია
2)ძაღლი
ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირე--იტყვიან ხსენების დროს, რომ ვინმე გამიჩნდება
3)ძირი
გაიარა-მოკვდა,განადგურდა.
ერის
ნიჭი,თვისება, ქცევა ენაში იხატება,ამიტომ ქართული ენაა ქართველი კაცის
ხასიათი,ქართული ხუროთმოძღვრება,ქართული მიხვრა-მოხვრა,ქართული ცეკვა,რაც ენას
ესოდენ დახვეწილ,მდიდარ და სრულყოფილ სახეს აძლევს.
მე-11 კლასის მოსწავლე ჟორა ჩხიტუნიძე
მასწავლებელი სულიკო მიშველიძე
მე-11 კლასის მოსწავლე ჟორა ჩხიტუნიძე
მასწავლებელი სულიკო მიშველიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий