ეს საინტერესოა!
იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი
"წმინდანთა ცხოვრებებს კი ვკითხულობთ, მაგრამ მათი მადლის გარეშე ვრჩებით. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: პირადად ის რას აკეთებს იმისათვის, რისთვისაც წმინდა ილია მართალი მოგვიწოდებდა, სახელდობრ, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისათვის".
"ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა".
"ქართული დამწერლობა შეიქმნა ჯერ კიდევ ქრისტეს ხორციელად შობამდე III საუკუნეში და ამჟამად მსოფლიოში მოქმედ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესია. ისევე, როგორც ქართველი ერი და ქართული ენა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის".
"IV საუკუნიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ მდებარე ქართულ მონასტრებში საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და ითარგმნებოდა საქვეყნოდ აღიარებული სასულიერო თუ საერო თხზულებანი... დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებენ ჩვენი თანამედროვეები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისის უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ინსტიტუტი ინტენსიურ მუშაობას ეწევიან ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევისა და წარმოჩინებისათვის. ჩვენი წინაპრებისა თუ თანამედროვეთა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა კვლავ მოელის წარმოჩინებას კაცობრიობის წინაშე".
"ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულითა მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა".
"მახსოვს, რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ რუკაზე მონახა საქართველო და მისი პირველი სიტყვები ასეთი იყო: რა მძიმე გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონიაო. ვკითხე, - რატომ-მეთქი. გარშემო სულ მუსლიმანები არიან, თვითონ კი ქრისტიანული კუნძულიაო. ამიტომაა საქართველო ძლიერი, სულ ბრძოლაში რომ იყო-მეთქი, ვუთხარი. ამ ბრძოლაში შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი მიწა (თუმცა მთლიანად ვერა...), ჩვენი საყვარელი ენა, ის შინაგანი გენია, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა".
"ჩვენ ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს: როგორ შეძლო ქართველმა ერმა, რომელსაც გამუდმებული ბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავად, ამგვარი დიდებული კულტურის შექმნა, როდის მოიცალა ჯვრისა და სვეტიცხოვლის, სიონისა თუ გელათის ასაშენებლად, როდის მონახა დრო, შეექმნა ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი მწერლობა. ყველაფერი ეს შედეგი იყო ღვთის წყალობისა და ქართველი კაცის შემოქმედებითი გენიისა".
"საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს".
"ყოველ ერს, ისევე როგორც ადამიანს, თავისი საუნჯე აქვს. ჩვენი დიდი წმინდანი და საზოგადო მოღვაწე ილია მართალი გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გვმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. ჩვენ მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფრთხილებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. მის დასაცავად და მოსაფრთხილებლად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ. ჩვენ კი ეს ხშირად არ შეგვიძლია, არა იმიტომ, რომ ღმერთმა მადლი და სიყვარული მოგვაკლო, არამედ იმიტომ, რომ ხშირად მხოლოდ განდიდებისა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭისათვის ვიღვწით".
"მოგეხსენებათ, რომ წმინდა ლაზარე ქართულ ენასთანაა დაკავშირებული. ქართულმა ეკლესიამ ლაზარეს შაბათს ქართული ენის დღესასწაული დააწესა. ყოველ წელს, ლაზარეს შაბათს, არის დღესასწაული ქართული ენისა".
"გადიდებ შენ და გმადლობ შენ, მოწყალეო, რამეთუ გვქმენ მსგავსად შენდა, რამეთუ მოგვანიჭე ენა ქართული და რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა, მოგვფინენ ნათელი გონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!" (პატრიარქის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ლოცვიდან).
"დიდმოწამეო გიორგი, განგვინათლე გონება, რომ ვცნათ უფალი, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; აღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა ჩვენი" (პატრიარქის მოკრძალებული თხოვნიდან წმინდა გიორგისადმი).
"განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო. ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში. ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები".
"ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმინდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს: საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ".
"სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა; მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული".
"გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს".
"ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ, უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისი", მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს".
"ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცეს".
"რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ, იოანე-ზოსიმემ, თქვა: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს".
"არის ღირებულებანი, რომელნიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და მწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ".
"სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენას.
ძველქართული პოეზიის ბრწყინვალე ძეგლის, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის", ავტორი, ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".
წმინდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღვთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმინდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას, იესო ქრისტეს.
მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს!.. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს... გვახსოვდეს, რომ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას. ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რაიც ავალებს ყოველ ქართველს უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხურის ცოდნას... ყოველმა საშუალოსკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.
დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი...
ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ".
"ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დონე მისი შემოქმედებითი ნიჭის მაჩვენებელია, მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე გაშლილი პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახალამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.
ქართული ენის უჩვეულო სილამაზეს იმთავითვე გრძნობდნენ ჩვენი მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი შექმნეს მის სადიდებლად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ამ ღვთივბოძებულ საგანძურს, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისა, სასოებით დაცვა და გაფრთხილება სჭირდება".
"ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი".
Комментариев нет:
Отправить комментарий